logo
ENG



"გახსენით უბნები ემიგრანტებისთვის" - გირჩი/დროა პირველ ივლისს აქციას გამართავს

25 ივნ 202413:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/25/7c2fmrxuc6dr3us.jpeg

"გახსენით უბნები ემიგრანტებისთვის" - გირჩი/დროა პირველ ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 12:00 საათზე აქციას გამართავს. 

პარტიების განცხადებით, ხელისუფლება, საგარეო უწყება და ცესკო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ემიგრანტების კონსტიტუციურ უფლებას უგულებელყოფს. 

"რამდენიმე თვეა გირჩი-დროას კამპანიის საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში ფარგლებში, ათობით ქვეყნის 90-ზე მეტ ქალაქში, საქართველოს მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით. 35 ქალაქიდან კი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე გაეგზავნა ოფიციალური მოთხოვნები. ხელისუფლება, სამინისტრო და ცესკო უგულებელყოფენ ქართველი ემიგრანტების კონსტიტუციურ უფლებას, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში", - ნათქვამია განცხადებაში. 

პარტიები მიუთითებენ, რომ ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა დიდ სამგზავრო თანხებთან და დროსთანაა დაკავშირებული და აქვე აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს მასშტაბით გახსნილი 50 საარჩევნო უბანი მათ არჩევანის უფლებას ვერ უზრუნველყოფს. 

"საარჩევნო კოდექსში წერია, რომ თუ კონკრეტულ ლოკაციაზე არსებობს მინიმუმ 50 ადამიანი, რომელთაც სურთ დააფიქსირონ საკუთარი ხმა არჩევნებზე, სახელმწიფო ვალდებულია გახსნას მათთვის საარჩევნო უბანი. ჯამში, საკუთარი ხელმოწერით უკვე რამდენიმე ათასმა ემიგრანტმა დაადასტურა სურვილი, საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ. პირველ ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწევს გაიგონოს და ანგარიში გაუწიოს ქართველი ემიგრანტების ხმას", - აღნიშნავენ პარტიები. 

 


close დახურვა